შსს: ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების გამო დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიუდოისტებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 31 მაისს, საღამოს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს, რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს. პატრულ-ინსპექტორები დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით ადგილზევე დააკავა. ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი - 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებულია „ტე-ტე“-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე. იმავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირიდან გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიყვანილ იქნა 1983 წელს დაბადებული ი.წ., რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს".

ძიუდოისტებს შორის სისხლიანი გარჩევა აღმაშენებლის ქუჩაზე 31 მაისის ღამეს მოხდა. დაჭრილია ვეტერანი ძიუდოისტი, საქართველოს 2009 წლის ჩემპიონი იოსებ წელაური. დაკავებული კი ძიუდოს ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ლევან (ლომერ) ჟორჟოლიანია, რომელიც ამჟამად საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების წევრია. ჟორჟოლიანი ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის მეგობარია და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ქევხიშვილიც ადგილზე იმყოფებოდა.