ოპოზიციამ განაცხადა, რომ პარტიული მიზნებისთვის არ გამოიყენებს თბილისში მიმდინარე აქციას

საპროტესტო აქცია თბილისში. 2018 წლის 31 მაისი

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ტრაგედიას არ გამოიყენებს პარტიული ინტერესებისთვის. შექმნილ ვითარებაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა იმსჯელეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. შეხვედრის შემდეგ ლეიბორისტთა ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მიზანი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა, ამას არ ურევს შვილმკვდარი მშობლების თანადგომაში და საპროტესტო აქცია ზეპარტიულია.

„ხელისუფლება თუ მზად არის, რომ საკუთარი თავი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ან თავისი წარმომადგენელი, რომელიმე პოლიტიკური ლიდერი, კი ბატონო, დავაკვირდებით ამ პროცესებს“ - განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ. მისივე თქმით, შეთანხმდნენ, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უფლება თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქცია.

შეთანხმება დაადასტურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ფიქრობენ, რომ უნდა დაელოდონ რამდენად შეძლებს ხელისუფლება მოზარდების მკვლელობის საქმეზე სამართლიანობის აღდგენას. „ეს რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პარტიები პოლიტიკურ ბრძოლაზე აცხადებენ უარს, ჩვენ ვაძლევთ ხელისუფლებას შანსს, სამართლიანობა აღადგინოს, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, მერე ჩვენ ან ცალკე, ან ერთად დავიწყებთ ისეთი მოთხოვნების დაყენებას, როგორიცაა ხელისუფლების გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და შემდეგ უკვე ხალხი გადაწყვეტს, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.