კიევში მოკლეს ცნობილი რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო

პუტინის კრიტიკოსს, ცნობილ რუს ჟურნალისტს, არკადი ბაბჩენკოს კიევში, ზურგში ესროლეს და ის სასწრაფო დახმარების მანქანაში, საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
რადიო თავისუფლების კორესპოდენტის ქრისტოფერ მილერის ცნობით, მკვლელობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

​ბოლო წლებში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კიევში კრემლისთვის მიუღებელ რუს ჟურნალისტს კლავენ. 2016 წელს მანქანაში ააფეთქეს პაველ შერემეტი. ბაბჩენკო უკრაინაში მას მერე გადავიდა საცხოვრებლად, რაც, მისი თქმით, რუსეთში "პოლიტიკური დევნის" მსხვერპლი გახდა. ბაბჩენკომ რუსეთი შარშან დატოვა. ამბობდა, რომ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკეთესი იქნებოდა "გარკვეული პერიოდი რუსეთს გარეთ ყოფილიყო". რუსეთის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე ბაბჩენკო არ საუბრობდა, თუმცა ამბობდა, რომ ეს დაკავშირებული იყო მისი "თავისუფლების ან არათავისუფლების" საკითხთან.