საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს

26 მაისს, საქართველო აღნიშნავს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს და ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს.

1918 წლის 26 მაისს, თბილისში გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში(დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის ბოლო სხდომა, რომელმაც დაშლილად გამოაცხადა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. იმავე დღეს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელსაც 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანიამ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი,“ რომელიც ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.

დღეს, 17 საათსა და 10 წუთზე, ანუ ზუსტად იმ დროს, როცა 100 წლის წინ ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება ამ ისტორიული მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება. 17 საათი და 10 წუთი განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონულ ცენტრშიც, სადაც მოქალაქეებს კოსტიუმირებული მსვლელობებით და ფლეშ-მობებით ამცნობენ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ვერტმფრენები კი ფერად ფანტელებს მიმოაფრქვევენ.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ტრადიციულად გაიმართება წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია. 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი ფიცს ერთდროულად დადებენ თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში, ბათუმსა და გელათში. ფიცის დადების ცერემონიაზე ერთი საჯარისო ნაწილი წარმოდგენილი იქნება მკვლევრების დახმარებით აღდგენილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცის ფორმით და იმ პერიოდის იარაღით. ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები - ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის ინსტრუქტორები, კადეტები, იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის, „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მონაწილე 43-ე ბატალიონი და ამერიკელი ინსტრუქტორები. თავისუფლების მოედანზე გამოიფინება სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, მათ შორის ახლადშეძენილი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგი სისტემა „ჯაველინი.“ სამხედრო ტექნიკა გამოიფინება თელავში, რუსთავში, მარნეულში, მცხეთაში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, ამბროლაურსა და საჩხერეში.

26 მაისი საქართველოს დიდ ქალაქებსა და რეგიონულ ცენტრებში მთელი დღის განმავლობაში აღინიშნება სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მიერ ორგანიზებული გამოფენებით, თემატური ბაზრობებით, თეატრალიზებული წარმოდგენებით და კონცერტებით.