პრაღაში გაიმართა ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრა

24 მაისს პრაღაში გაიმართა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ, ზურაბ აბაშიძემ ქართველ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობებზე. „ხაზი გავუსვი, რომ ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს და ყველა მექანიზმს გამოიყენებს დამნაშავეთა დასასჯელად და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კარასინმა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილს უწოდა ტრაგედია, რომლის მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს. კარასინის განცხადებითვე, ასეთი საკითხები პირდაპირი კონტაქტების მეშვეობით უნდა განიხილონ საქართველოსა და "სამხრეთ ოსეთის" წარმომადგენლებმა მით უმეტეს, რომ არსებობს ინციდენტების პრევენციის მექანიზმი. ჟურნალისტების შეკითხვას, გრძნობს თუ არა რუსეთი პასუხისმგებლობას, კარასინმა ასე უპასუხა: „ჩვენ ინტერვიუ გვაქვს, თუ სასამართლო გამოძიება?!“