„ანბანით მოთხრობილი საქართველო“ - ქართული პავილიონი ფრანკფურტში
Your browser doesn’t support HTML5
„ანბანით მოთხრობილი საქართველო“ - ეს არის მთავარი კონცეფცია ქართული პავილიონისა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ქართული პავილიონი 1800 კვ.მეტრზე განთავსდება და შვიდ სივრცედ დაიყოფა: მთავარი სცენა, მცირე სცენა, კაფე-ბარი, წიგნების ზონა, ფოტოგრაფიის ოთახი, ტიპოგრაფის ოთახი, აუდიო/ვიდეო სივრცე. პავილიონის დიზაინი გაჯერებულია როგორც ქართული ორნამენტებით, ასევე სპეციალურად ამ პავილიონისთვის შექმნილი ქართული შრიფტით. შვიდ სხვადასხვა სივრცეში მოხვედრილი სტუმრები ქართულ ლიტერატურას, მუსიკას, მხატვრობასა თუ საქართველოსთვის მნიშვნელოვან ისტორიულ-კულტურულ დეტალებს გაეცნობიან. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული პავილიონის კონცეფციის იდეა ეკუთვნის გია ბოხუას, კონცეფციის 3 D ვერსია კი შექმნა დავით დრონმა. რაც შეეხება შვიდი სივრცის შინაარსობრივ ნაწილს: პირველი სივრცის, მთავარი სცენის, დეკორაციის ინსპირაცია ძველი ქართული - ხევსურული - ორნამენტია. სწორედ ეს სცენა იქნება მასპინძელი მთავარი კულტურული და ლიტერატურული ღონისძიებებისა და 160 სტუმარს დაიტევს. პავილიონის მეორე სივრცეა მცირე სცენა. ეს სცენაც ლიტერატურასა და საგამომცემლო ღონისძიებებს დაეთმობა. სივრცე 24 სტუმარს მიიღებს. მესამე სივრცეა კაფე. იქ მისული სტუმრები იპოვიან კერძებს როგორც ადგილობრივი სამზარეულოდან, ისე კერძებს ქართული სამზარეულოდან. კაფეტერიის სივრცეში რვა მაგიდა დგას და ის ერთდროულად 32 სტუმრისთვისაა გათვლილი. მეოთხე სივრცეა წიგნების ზონა. ამ სივრცეში განლაგებული თაროები 800 წიგნზეა გათვლილი. აქვე იქნება გამოყოფილი სივრცე ბავშვებისთვის, სადაც ქართველი ილუსტრატორები მათ არაერთ საინტერესო და თავშესაქცევ აქტივობას შესთავაზებენ. მეხუთე სივრცე ფოტოგრაფიის ოთახია. ეს არის ძველი ქართული დარბაზის არქიტექტურის ელემენტებისგან შემდგარი სივრცე. ამ სივრცეში დამთვალიერებელს საშუალება ექნება ნახოს თბილისის ფოტოები. მეექვსე სივრცეა ტიპოგრაფი. შეიძლება ითქვას, რომ ამ სივრცეში ყველაზე ახლოს და ხელშესახებად გაიცნობენ სტუმრები ქართულ ანბანს, თითოეულ ასო-ბგერას. საბეჭდი მანქანა, ე.წ. პლოტერი, სამახსოვრო ბარათზე მათ თვალწინ მოხაზავს და დაბეჭდავს მათთვის სასურველ ასო-ბგერას ქართული ანბანიდან. მეშვიდე სივრცე აუდიო/ვიდეო ოთახს ეთმობა. ამ სივრცეში შესულ სტუმარს საშუალება ექნება მოისმინოს როგორ ჟღერს ქართული ანბანი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც 10-14 ოქტომბერს გაიმართება, უცხოეთში გამოცემული რამდენიმე ასეული ქართული წიგნი გამოიფინება - მათ შორის, 300 უახლესი თარგმანი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი წიგნი, 70, გერმანულ ენაზე ითარგმნა. ჯამში, ქართული ლიტერატურა ითარგმნა 35 ენაზე. ბაზრობის კვირეულზე ქართულ ლიტერატურას 50 ავტორი წარადგენს.