უკრაინამ გამოსცადა ამერიკული "ჯაველინები"

პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სამხედრო პოლიგონზე. 2018 წლის 22 მაისი

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრო მესამე თაობის, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების, „ჯაველინების“ გამოცდას, რომელიც 22 მაისს, საღამოს გაიმართა უკრაინის არმიის ერთ-ერთ პოლიგინზე. პოროშენკომ განაცხადა, რომ ოცნებები სრულდება და ამერიკული „ჯაველინები“ მნიშვნელოვნად გააძლიერებენ უკრაინის საარტილერიო და სარაკეტო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს. პეტრო პოროშენკოს თქმით, „ჯაველინი“ თავდაცვის საშუალებაა და მას გამოიყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეუტევს უკრაინელი სამხედროების პოზიციებს.

კიევმა 2018 წლის აპრილში დაადასტურა, რომ აშშ-ისგან მიიღო „ჯაველინის“ 37 მართვადი გამშვები დანადგარი და 210 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. უფრო ადრე ასეთივე სისტემა აშშ-ისგან შეიძინა საქართველომაც. თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „ჯაველინების“ ჩამოტანის ფაქტი 2018 წლის იანვარში დაადასტურა.