"ბასიანის" დამფუძნებელს "პოლიტიკური სარჩულის" ეჭვი უმყარდება

"ბასიანის" მიმდებარე ტერიტორია 12 მაისის ღამით

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხეს კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი. მან ჟურნალისტებს აცნობა, რომ გამომძიებლების შეკითხვები შეეხებოდა კლუბში ნარკოტიკების რეალიზაციას, რაზეც უპასუხა, რომ მენეჯმენტს ეს არასდროს შეუმჩნევია, ხოლო დაცვის სამსახურის თანამშრომლები ყოველთვის ცდილობენ გამოვლენის შემთხვევაში, მსგავსი ფაქტები აღკვეთონ. გელბახიანის თქმით, ნარკოტიკი საზღვრების გავლით შემოდის და მაშინ, შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს. „თუ მე ამკიდებს პასუხისმგებლობას კლუბში რატომ შეიპარა ნარკოტიკიო, მაშინ მეც იგივე პასუხისმგებლობას ავკიდებ, რატომ იპარება საზღვრებზე ნარკოტიკი, ეს პირდაპირ შს-თა მინისტრის კომპეტენციაა“ - განაცხადა ზვიად გელბახიანმა. მისი ინფორმაციით, სამართალდამცავებისგან ამ დრომდე ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი, როდის გაიხსნება „ბასიანი.“ გელბახიანის თქმით, „კაფე გალერი“ უკვე ღიაა და თუ „ბასიანის“ გახსნა ისევ გადაიდება, გაუმყარდება ეჭვი, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს, რადგან „ბასიანი“ და „თეთრი ხმაური“ ერთად იბრძვიან სისტემის გადაცდომის წინააღმდეგ. „ბასიანი“ დაკეტილია 12 მაისის შემდეგ, როცა შსს-მ თბილისის კლუბებში ჩაატარა ოპერაცია ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ. „კაფე გალერი“ 22 მაისს გაიხსნა.