უფლებადამცველი ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ თბილისის მეტროს მემანქანეებს

დღეს თბილისში გაიმართება აქცია მეტროპოლიტენის თანამშრომლების მხარდასაჭერად. მეტროს მემანქანეები უკვე რამდენიმე კვირაა წინასაგაფიცვო რეჟიმში იმყოფებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს პროფკავშირს „ერთობა 2013“-ს ერთ თვეში ორჯერ შეუზღუდა სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება - 3 მაისს ერთი თვით, 21 მაისს კი განუსაზღვრელი ვადით. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განცხადების საფუძველზე. ამ კომპანიასა და „ერთობა 2013“-ს შორის უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს შრომითი დავა. პროფკავშირი „ერთობა 2013,“ რომელიც მეტროს 250 თანამშრომელს აერთიანებს, მოითხოვს მემანქანეთა შრომის საათობრივი აზაღაურების გაზრდას 7-დან 10 ლარამდე. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ხელფასის გაზრდის საბიუჯეტო რესურსი არ არსებობს. მეტროს მემანქანეები, რომელთა საშუალო ხელფასი 1150 ლარია, მიუთითებენ, რომ არსებული ანაზღაურება არ შეესაბამება მათ ყოველდღიურ გარემო პირობებს, სამუშაო ციკლს და პასუხისმგებლობას. მემანქანეთა მოთხოვნის მხარდასაჭერად 19 საათზე, მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ აქციას გამართავენ „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრი,“ „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი“ და „აუდიტორია 115.“