რუსეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე 19 მაისს გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციასა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ საბჭოს შორის 18 მაისს ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთ-საქართველოს 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების რეალიზაციის შესახებ. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრეთვე იუწყება, რომ ხელი მოეწერა სახელმწიფო კონტრაქტსაც რუსეთის ფედერაციასა და შვეიცარიულ კომპანია SGS-ს შორის: „ამრიგად, რუსეთის ფედერაციამ დაასრულა იმ პროცედურების შესრულება, რომლებიც აუცილებელია 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის დასაწყებად“.

SGS-თან კონტრაქტს საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა 2017 წლის 19 დეკემბერს, ბერნში. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.

2011 წელს ხელმოწერილ დოკუმენტს სრულად ეწოდება - „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციას მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმება“. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, 2012 წელს რუსეთის ფედერაცია გაწევრიანდა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში.