14 მაისს თბილისში „ქართული მარშისა“ და მისი თანამოაზრეების აქცია-მსვლელობა გაიმართა. მელიქიშვილის გამზირიდან რადიკალური ჯგუფების წევრები და მათი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ და მიტინგი გამართეს პარლამენტის შენობის წინ. ისინი ხელისუფლებას ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებისკენ, ნარკოპროპაგანდის აღკვეთისა და ტრადიციების დაცვისკენ მოუწოდებდნენ. „ქართული მარში“ და მისი თანამოაზრეები ნარკოპროპაგანდისტებად მოიხსენიებდნენ მონაწილეებს აქციისა „ჩვენი თავისუფლებისთვის“, რომელიც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.
ახალგაზრდათა აქციების ტალღა მოჰყვა 12 მაისს, გამთენიისას, თბილისის კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“ - ჩატარებულ სპეცოპერაციას. აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" დაიშალა მას შემდეგ, რაც 13 მაისს, გვიან საღამოს, ახალგაზრდებმა კონკრეტული დაპირებები მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან. დაპირებები შეეხება ნარკოპოლიტიკის რეფორმირებასა და, ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, იმ სამართალდამცველების დასჯას, რომელთა მხრიდანაც გამოვლინდა ძალის გადამეტება12 მაისის სპეცოპერაციის დროს და მის შემდგომ განვითარებულ პროცესებში. შს მინისტრსა და აქციის ლიდერებს შორის პირველი შეხვედრა 14 მაისს გაიმართა.
13 მაისს კონტრაქცია გამართეს რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა. კონტრაქციის მონაწილეები მოითხოვდნენ „9 აპრილის“ მემორიალთან მათ შეშვებას, მათი თქმით, „სანთლების დასანთებად“. ისინი არაერთხელ შეეცადნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი და შეეღწიათ ტერიტორიაზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც მიმდინარეობდა ახალგაზრდების აქცია „ჩვენი თავისუფლებისთვის“. 13 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან ისმოდა აგრესიული შეძახილები და მუქარის შემცველი განცხადებები აქციის მონაწილეთა მისამართით. რუსთაველის გამზირზე ისინი მას შემდეგაც იდგნენ, რაც ახალგაზრდების აქცია დაიშალა.