შს მინისტრის ბოდიში: გახარიამ აქციის მონაწილეებს კონკრეტული დაპირებები მისცა

„ბოდიში“ - ასე უპასუხა შს მინისტრმა აქციის მონაწილეების მოთხოვნას ბოდიშის მოხდის თაობაზე. მისი დაპირებით,14 მაისს გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განიხილება 12 მაისს განვითარებული მოვლენების ყველა დეტალი და, თუკი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დამტკიცდება, „უფლება იქნება აღდგენილი“. ამ დაპირებით შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს, მონაწილეებს აქციისა „ჩვენი თავისუფლებისთვის“. მინისტრის განცხადება გაკეთდა მასსა და აქციის რამდენიმე ორგანიზატორს შორის გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ.

კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალების განხილვის გარდა, შს მინისტრი აქციის მონაწილეებს ასევე დაპირდა, რომ იქნება კონკრეტული შედეგები ნარკოპოლიტიკის რეფორმირების მიმართულებით. აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდნენ პროცესებს - რამდენად შეასრულებს შს მინისტრი აქციის მონაწილეებისთვის მიცემულ დაპირებებს და ხელახლა შეიკრიბებიან აქციაზე, 19 მაისს, რათა შედეგები შეაჯამონ და მოქმედების შემდგომი გეგმა დასახონ. პარლამენტის შენობის წინ ორი დღის განმავლობაში მიმდინარე აქცია ნელ-ნელა იშლება.