საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად. „მაგრამ, რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება, ინფორმაცია, რასაც შსს ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, შესასწავლია სპეცოპერაციის ჩატარების ფორმა და აუცილებლობა მოცემულ დროს და ადგილას, შესასწავლია ყველა გარემოება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატით და შეკითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხები. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებითვე, მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი აქციის ორგანიზებას და შსს-მ უნდა უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება.