საია: მოვუწოდებთ შსს-ს დროულად გამოაქვეყნოს განახლებული ინფორმაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გამოაქვეყნოს განახლებული ინფორმაცია დაკავებულების შესახებ, მათ შორის, დაკავებულთა ადგილმდებარეობის შესახებ. ორგანიზაციის თქმით, მათი ადვოკატები ამჟამად რამდენიმე დაკავებულის ადგილსამყოფელის გარკვევას უშედეგოდ ცდილობენ.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულები თბილისის გარდა, ასევე გადაყავთ სხვადასხვა რეგიონებში, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს დაკავებულებისათვის იურიდიული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობას."

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება კლუბ "ბასიანსა" და "გალერიში" განვითარებულ მოვლენებს და მზადყოფნას გამოთქვამს, სამართლებრივი დახმარება გაუწიონ დაკავებულებს.

თბილისში ღამის კლუბ "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცდანიშნულების რაზმები რამდენიმე საათის წინ გამოჩნდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი სამი თვის განმავლობაში აწარმოებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.