პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა სერგი გვარჯალაძე, რომელიც მარტში ქალაქის მერმა, კახა კალაძემ დანიშნა თბილისის "ღამის ეკონომიკის" განვითარების ხელმძღვანელად. გვარჯალაძის თქმით, 12 მაისს სპეცრაზმის მიერ ღამის კლუბებში შესვლა მოხდა "ძალიან ცუდი და მიუღებელი ფორმით", რაც ცუდად წარმოაჩენს ქვეყანას. გვარჯალაძე ამბობს, რომ მომხდარის მიზეზები არ იცის, ფლობს მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც შსს-მა გამოაქვეყნა. აქციაზე ასევე იმყოფება პარტია "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც გვარჯალაძეს მოუწოდა დაურეკოს შესაბამის უწყებებს და მოიპოვოს მეტი ინფორმაცია. სერგი გვარჯალაძის თქმით, მან უკვე უშედეგოდ სცადა დარეკვა, ასევე უშედეგოდ შეეცადა შსს-ში შესვლას, სადაც დაკავებულების ნაწილია გადაყვანილი. "კალაძის ნომერი არ მაქვს" - აცხადებს გვარჯალაძე და დასძენს - "ვერ ვხვდები რა ხდება. ახალგაზრდები რომლებიც საცეკვაოდ იყვნენ მისულები რატომ ჩავაყენეთ ამ მდგომარეობაში". გვარჯალაძე იმედს გამოთქვამს, რომ შსს მეტ ინფორმაციას გაავრცელებს და ახალგაზრდებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, კლუბ "ბასიანსა" და "გალერიში" დაკავებულია 20-მდე ადამიანი. მათ შორის არიან აქტივისტი ბექა წიქარიშვილი და კლუბ ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი. EMC-ის იურისტები ცდილობენ დაკავებულებთან შესვლას, თუმცა, ამ დრომდე ვერ ახერხებენ. თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ ღამის კლუბებში, "ბასიანსა" და "გალერიში" სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებულ ოპერაციებს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიციის ქმედებები იყო ძალადობრივი და მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების შემლახველი. 12 მაისს კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა ფეისბუკით დაწერა, რომ ორივე კლუბში სპეცრაზმი შეიჭრა. "ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით”– წერდა ორაშვილი ფეისბუკზე. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და გამოეხმაურა თბილისში, ღამის კლუბებში, 12 მაისს გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმის შესვლას. სამინისტრო იუწყება, რომ ის "3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი".