რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერთან და გამყოფ ღობეებთან განაახლეს ხნულების გავლება. საოკუპაციო ძალები უკვე მესამე წელია პერიოდულად ავლებენ ხნულებს, რომლებსაც ცხინვალის ფე ფაქტო ხელისუფლება ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებს უწოდებს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ნიქოზთან ხნულები გაავლეს არა მხოლოდ ოკუპირებულ, არამედ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეც. საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს აფასებს განგრძობადი ოკუპაციის კიდევ ერთ გამოვლინებად. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზიდან ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანამდე საოკუპაციო ძალებს გავლებული აქვთ ყველაზე გრძელი, 12-კილომეტრიანი ე.წ. საზღვარი.