სომხეთის პარლამენტი კენჭს მეორედ უყრის პრემიერ-მინისტრობის ოპოზიციონერ კანდიდატს

დღეს ერევანში გაიმართება სომხეთის პარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელზეც დეპუტატები კენჭს უყრიან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას. ოპოზიციური ფრაქციის „ელკის“ თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრად ასარჩევად სჭირდება 105-დან სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა. ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 3 მაისს წარადგინეს ფრაქციების „ელკის,“ „დაშნაკციუთუნის“ და „ცარუკიანის“ დეპუტატებმა, რომლებიც უმცირესობაში არიან. პარლამენტმა ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურას კენჭი უყარა 1 მაისსაც, თუმცა, მას მხარი დაუჭირა მხოლოდ 45-მა დეპუტატმა. ხმა წინააღმდეგ მისცეს უმრავლესობაში მყოფმა რესპუბლიკელებმა. ამას მოჰყვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის განახლება, რის გამოც „რესპუბლიკური პარტია“ იძულებული გახდა პოზიცია შეეცვალა. დღევანდელი კანჭისყრის წინ რესპუბლიკელებმა განაცხადეს, რომ 8 მაისს სომხეთს პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ერევნის რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ „ეპოქალური გამარჯვების“ აღსანიშნავად. სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს აირჩია ყოფილი პრეზიდენტი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, სერჟ სარგსიანი. მის არჩევას მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია. სარგსიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა.