ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ამზადებს სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე 7 მაისს, ღამის 11 საათისთვის გამოქვეყნდა მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება იმის შესახებ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მთავრობასთან შეთანხმებით, სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად სარჩელის მომზადება დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხელისუფლება ყველა ზომას მიმართავდა ცხედრის დასაბრუნებლად. „ამის შემდეგ მოხდა გადმოცემა ცხედრისა, რომელსაც ჩვენ მივაგეთ პატივი, მივაბარეთ მიწას, მაგრამ არ გაჩერებულა სარჩელის მომზადების პროცესი. ჩვენ მას ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ იმ ყველა პროცედურის დაცვით, რაც გაზრდის ჩვენს, როგორც მოსარჩელე მხარის შანსებს და რა თქმა უნდა, ამ საქმეზე მოპასუხე იქნება რუსეთის ფედერაცია“ - აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავა ახალგორის რაიონში, მეორე დღეს კი განაცხადა, რომ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა გულის უკმარისობის შედეგად. დე ფაქტო ხელისუფლების ეს ვერსია დაადასტურა რუსეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 20 მარტს გადასცეს. ქართველი ექსპერტების ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და ამოცლილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები. საქართველოს ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა. საქმეს სწორედ ამ მუხლით იძიებს მცხეთის პროკურატურა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს, სამხედრო პატივით დაკრძალეს მუხთგვერდის ძმათა სასაფლაოზე.