თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის უფლებების სისტემური დარღვევის კიდევ ერთ დასტურად შეაფასეს აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მუხთარლის ადვოკატს, ნემატ ქერიმლის ერთი წლით შეუჩერდა საადვოკატო საქმიანობის უფლება. „ადამიანის უფლებათა სახლის“ ინფორმაციით, ადვოკატისთვის საქმიანობის შეჩერება მოითხოვა აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილემ, რომელმაც მიზეზად ის დაასახელა, რომ „აფგან მუხთარლის ადვოკატი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ცდილობდა სისხლის სამართლის საქმის პოლიტიზებას და შეცდომაში შეყავდა საზოგადოება, ასევე ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა შესაძლო მოწმეებზე, რითიც დაარღვია კანონმდებლობა.“ არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობითვე, ნემატ ქერიმლის ადვოკატს ლიცენზია შეუჩერდა 2018 წლის 23 აპრილს, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე. „ადამიანის უფლებათა სახლის“ განცხადებით, ქერიმლისთვის საქმიანობის შეჩერებას საფუძვლად დაედო ორი ინტერვიუ. ერთში ადვოკატი საუბრობდა 2017 წლის 30 მაისს, ჟურნალისტის გატაცების შესახებ და ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანში აფგანის სიცოცხლეს შესაძლოა, საფრთხე შექმნოდა და საქართველოს მთავრობას ის არ უნდა გადაეცა აზერბაიჯანისთვის. მეორე ინტერვიუ ეხებოდა საპატიმროში ჟურნალისტთან შეხვედრისას განხორციელებულ თვალთვალსა და მიყურადებას, რაც ადვოკატმა გააპროტესტა ფრაზით: ,,ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმშიც კი არ ხდებოდა ასეთი აშკარა თვალთვალი და მიყურადება ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის კომუნიკაციაზე.“ თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლისა“ და მისი წევრი ორგანიზაციების შეფასებით, აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის გადაწყვეტილება ერთი მხრივ არღვევს და ერევა ნემატ ქერიმლის საადვოკატო საქმიანობაში და უზღუდავს პროფესიული მოვალეობის შესრულებას, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო, მეორე მხრივ არღვევს აფგან მუხთარლის დაცვის უფლებას, რადგან აღარ აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მის მიერ შერჩეული ადვოკატის დაცვით. „აფგან მუხთარლის ადვოკატისათვის საქმიანობის უფლების შეჩერება აზერბაიჯანის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე და სწორედ აფგანის საქმესთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს იმ ფაქტს, რომ აფგან მუხთარლის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე არ არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან და მისი უფლებების სავარაუდო დარღვევა საქართველოსა თუ აზერბაიჯანში სისტემურ ხასიათს ატარებს“ - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აფგან მუხთარლის ინტერესებს წარმოადგენს თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლის“ წევრი ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი.“ თბილისის „ადამიანის უფლებათა სახლი“ აერთიანებს საქართველოში მოქმედ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას. ესენი არიან: „კონსტიტუციის 42-ე მუხლი,“ „ადამიანის უფლებათა ცენტრი,“ „საფარი,“ „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“ და „მედიის ინსტიტუტი.“