შვედეთის აკადემიამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გასცეს. გადაწყვეტილებას, თავის მხრივ მხარი დაუჭირა ნობელის
კომიტეტმა. შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილება უკავშირდება სკანდალს, რომლის ცენტრშიც სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული ფოტოგრაფი ჟან კლოდ არნო აღმოჩნდა. იგი შვედი პოეტის, 1992 წლიდან აკადემიაში არჩეული კატარინა
ფროსტენსონის მეუღლეა და ხელმძღვანელობდა შვედეთის აკადემიის მიერ დაფინანსებულ კულტურულ პროექტს.
ჟან კლოდ არნო სექსუალურ შევიწროვებაში 18-მა ქალმა გასული წლის ნოემბერში დაადანაშაულა. არსებული ინფორმაციით, სექსუალური შევიწროვების ეპიზოდების ნაწილი აკადემიის კუთვნილ შენობებშიც ხორციელდებოდა. ამას გარდა, აღნიშნავდნენ, რომ ლიტერატურის დარგში მომავალი ლაურეატების გვარებს ჟან კლოდ არნო უცხო პირებსაც უმხელდა. თავად არნო ბრალდებებს უარყოფს. ფოტოგრაფის სკანდალის შემდეგ კატარინა ფროსტენსონი ორგანიზაციიდან გარიცხეს. აპრილის შუა რიცხვებში შვედეთის აკადემია დატოვა ასევე მუდმივმა მდივანმა სარა დანიუსმა.
2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გაცემაზე უარი არ აისახება სხვა დარგებში ლაურეატების დასახელების პროცესზე-აღნიშნულია ნობელის პრემიის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.