სომხეთის პრემიერ-მინისტრობის ერთადერთმა კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ აპირებს ჩაშალოს პრემიერ-მინისტრის არჩევნები. ფაშინიანმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც აღნიშნავს, რომ სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით ღამით გამართულ შეხვედრაზე რესპუბლიკელებმა გადაწყვიტეს ჩაშალონ პარლამენტში დღეს დაგეგმილი არჩევნები მაშინ როცა, მანამდე აცხადებდნენ, რომ ხელს არ შეუშლიან „სახალხო კანდიდატის“ არჩევას. ნიკოლ ფაშინიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეიკრიბონ ერევნის რესპუბლიკის მოედანზე და წინააღმდეგობა გაუწიონ სარგსიანის და „რესპუბლიკური პარტიის“ გეგმას, აღადგინონ თავისი ძალაუფლება. პარლამენტის რესპუბლიკელმა ვიცე-სპიკერმა, ედუარდ შარმაზანოვმა სააგენტო „არმენპრეს“-ს განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მხარდაჭერის საკითხს გადაწყვეტენ ფაშინიანის პროგრამის გაცნობის შემდეგ. შარმაზანოვის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ფრაქციის თავმჯდომარე საბოლოო გადაწყვეტილებას კენჭისყრამდე გამოაცხადებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ ფაშინიანი წარადგინა პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ, „ელკმა.“ პრემიერ-მინისტრის არჩევას სჭირდება სულ მცირე 53 დეპუტატის მხარდაჭერა. სომხეთის 105-წევრიან პარლამენტში 58 დეპუტატი ჰყავს „რესპუბლიკურ პარტიას,“ 31 ფრაქციას „ცარუკიანი,“ 9 დეპუტატი „ელკს“ და 7 „დაშნაკციუთუნს.“ 30 აპრილს, ცარუკიანის ფრაქციამ განაცხადა, რომ ფაშინიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. სომხეთის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს არჩეული ექს-პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა მისი მმართველობის წინააღმდეგ მრავალათასიანი გამოსვლების შედეგად. საპროტესტო მოძრაობა ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით დაიწყო.