მიღწეულია შეთანხმება აგარის ქარხნის ასამუშავებლად

საპროტესტო მსვლელობა აგარის ქარხნის მხარდასაჭერად. თბილისი, 2018 წლის 20 აპრილი

შეთანხმებით დასრულდა „აგარის შაქრის კომპანიის“ ხელმძღვანელების, პროფკავშირების წარმომადგენლებისა და ბიზნესომბუდსმენის შეხვედრა. კომპანიის და ბიზნესომბუდსმენის აპარატის ერთობლივი განცხადების თანახმად,
საქართველოს მთავრობასა და „აგარის შაქრის კომპანიის“ დამფუძნებლებს შორის ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით გამართული მოლაპარაკების შედეგად შემუშავდა მხარდაჭერის პაკეტი და მისი დახმარებით, აგარის შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან მუშაობას განაახლებს. „ყველა ის ადამიანი, ვინც აგარის შაქრის ქარხნის კონსერვაციამდე მუშაობდა, დაუბრუნდება სამუშაო ადგილს. მაისში ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ 1 ივნისიდან ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდეს“ - ნათქვამია განცხადებაში. 25 აპრილს განცხდება გაავრცელა საქართველოს პროფკავშირებმაც. მისი ინფორმაციით, აგარის ქარხნის თანამშრომლები ხელფასს 1 მაისიდან მიიღებენ. “შეთანხმების თანახმად, 1 მაისიდან ქარხანაში სარემონტო სამუშაოები დაიწყება, ისინი ვინც ამ საქმით დაკავდებიან, ხელფასს სრული ოდენობით მიიღებენ, დანარჩენები კი ქარხნის სრულ დატვირთვამდე ავანსის სახით ნახევარი თვის კომპენსაციას“ - ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში. მისივე ცნობით, შეთანხმებული გეგმა მოქმედებს 31 დეკემბრამდე, წლის ბოლომდე კი ქარხნის მეპატრონემ უნდა წარმოადგინოს საწარმოს დატვირთვის და შეუჩერებლად მუშაობის გრძელვადიანი პროექტი. აგარის შაქრის ქარხანამ მუშაობა 2017 წელს შეაჩერა იმ მიზეზით, რომ მისი პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევდა შედარებით დაბალი ფასის იმპორტირებულ შაქარს. ქარხნის თანამშრომლებმა საწარმოს მუშაობის აღდგენის მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. გასულ კვირაში თანამშრომელთა ნაწილმა აგარიდან თბილისისკენ ფეხით მსვლელობაც მოაწყო და აქცია გამართა მთავრობის ადმინისტრაციასთან.