აშშ-ის დემოკრატიული პარტია უჩივის რუსეთს, ტრამპის საარჩევნო კამპანიას და "ვიკილიქსს"

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ საჩივარი შეიტანა რუსეთის მთავრობის, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის და ორგანიზაცია "ვიკილიქსის" წინააღმდეგ და მათ ბრალად სდებს შეთქმულებას აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიასთან მიმართებით, არჩევნების ტრამპის სასარგებლოდ გადახრის მიზნით. საჩივარი, რომელიც 20 აპრილს შევიდა მანჰეტენის რაიონულ სასამართლოში, ამბობს, რომ ტრამპის კამპანიის მაღალჩინოსნები გარიგებაში შევიდნენ რუსეთის მთავრობასთან და მის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოსთან, იმ მიზნით, რომ ზიანი მიეყენებინათ პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონისთვის და ტრამპს დახმარებოდნენ დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებში ჰაკერული გზით შეღწევით. დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ხელმძღვანელი, ტომ პერესი განცხადებაში ამბობს, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი დარტყმა მიიტანა ამერიკის დემოკრატიაზე და ამ ამოცანაში მან მოსურნე და აქტიური პარტნიორი მოიპოვა დონალდ ტრამპის კამპანიის სახით. "ეს წარმოადგენდა უპრეცედენტო ღალატის აქტს: აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის კამპანია, რომელიც მტრულად განწყობილ უცხო ძალასთან შეთანხმებულად მოქმედებს საიმისოდ, რომ გაიზარდოს არჩევნებში გამარჯვების შანსი" - ამბობს პერესი.