პანკისელებმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, შეცდომა აღიაროს

მალხაზ მაჩალიკაშვილი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში გაიმართა ადგილობრივ მცხოვრებთა შეკრება. მათ საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს აღიაროს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა, დასაჯოს მის სიკვდილში დამნაშავე პირები და ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს. „ნათელია, რომ თემირლანის შესახებ გამოსაძიებელი არაფერია და ხელისუფლებას უჭირს შეცდომის აღიარება“ - განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისივე თქმით, ხეობის მოსახლეობა ცდილობს, რომ ხელისუფლებამ შეცდომა აღიაროს. პანკისელებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდეს მათთან შეხვედრისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობაში მცხოვრები რამდენიმე პირის წინააღმდეგ 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც საკუთარ სახლში დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ის 10 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სპეცოპერაცია მიმართული იყო იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დახმარება გაუწიეს 2017 წლის ნოემბერში, თბილისში განეიტრალებულ ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს. ოფიციალური ვერსიით, სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილს მას შემდეგ ესროლა, რაც მან ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოპერაციის ხელმძღვანელებს სახლი შეეშალათ. სპეცრაზმელთა მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს ამ დრომდე იძიებს საქართველოს პროკურატურა.