ევროსაბჭოში განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას

18 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განიხილება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიში: "კონფლიქტი საქართველოში." ანგარიში მოიცავს პერიოდს 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით. კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი, რომელიც ისაუბრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობასა და რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე. დავით ზალკალიანი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ისაუბრებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებთან რუსეთის მიერ გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებებზე, რასაც საქართველო განიხილავს ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად. დავით ზალკალიანი ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს გააცნობს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.” საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განცხადებები გაკეთდება
ევროკავშირისა და სუამ-ის სახელით.