სოფელ ფლავისმანში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

17 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ ილურიძე დააკავეს. თამაზ ილურიძე თანასოფლელთან, გელა გიუნაშვილთან ერთად პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. გიუნაშვილმა გაქცევა მოახერხა და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა.

გელა გიუნაშვილის თქმით, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ პირებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გარდა ყუმბარმტყორცნიც ჰქონდათ. გიუნაშვილი ამ წუთებში პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. თამაზ ილურიძე კი ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს. ფლავისმანში ამბობენ, რომ ილურიძე და გიუნაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადასულან. 17 აპრილის საღამოს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ჩავიდა. ილურიძეს სოფელში ოჯახის წევრები არ ჰყავს, ამიტომ გორის მერი ფლავისმანის მოცხოვრებლებს შეხვდა და მათ აცნობა, რომ უკვე ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ოსურ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ილურიძის გათავისუფლების მოთხოვნით.

2 კვირის წინ საქართველოს მოქალაქეები სოფელ აძვთან დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო შემთხვევისას აძვის მცხოვრელები ერთ დღეში გაათავისუფლეს. უმრავლეს შემთხვევაში, ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქეებს მინიმუმ ორ დღეს ტოვებენ ხოლმე.