დღეს ლონდონში გაიმართება დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მოიწვია სირიაში შექმნილი ვითარების განსახილველად. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წევრები იმსჯელებენ, როგორი უნდა იყოს ლონდონის რეაქცია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. 11 აპრილს, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად სწავლობს სირიის ქალაქ დუმაში შექმნილ ვითარებას და ყველაფერი მიუთითებს პრეზიდენტ ასადის რეჟიმის პასუხისმგებლობაზე. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სირიაში ქიმიური იარაღის არაერთხელ გამოყენება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და აუცილებლად უნდა აღიკვეთოს ჰუმანიტარული კატასტროფა. გაზეთ "ტელეგრაფის" ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ფლოტის წყალქვეშა გემებმა უკვე მიიღეს პრემიერ-მინისტრის ბრძანება, მიუახლოვდნენ სირიის ტერიტორიას. „ბიბისი“ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტერეზა მეი მზად არის პარლამენტის თანხმობის გარეშე დაუჭიროს მხარი სირიაზე სამხედრო დარტყმას.