გაეროს უშიშროების საბჭო 9 აპრილს იმსჯელებს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ბოლო ფაქტზე. საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა საბჭოს წევრი 15 ქვეყნიდან ცხრამ. 7 აპრილს, რამდენიმე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონის ქალაქ დუმაში, რომელსაც მეამბოხები აკონტროლებენ, სირიის სამთავრობო ძალებმა ქლორიანი გაზი გამოიყენეს, რასაც 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარი მკაცრად დაგმეს ევროკავშირის სახელმწიფოებმა და აშშ-მა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს მხეცი უწოდა და მასთან ერთად პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს და ირანს. ქიმიური იარაღის გამოყენება უარყვეს სირიის ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერმა რუსეთმა.