დე ფაქტო ხელისუფლებამ დევნილებს არც წელს მისცა სააღდგომოდ გამყოფი ხაზის გადაკვეთის უფლება

რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ სოფელ არცევში

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დევნილებს წელსაც არ მისცა უფლება აღდგომის დღესასწაულის გამო, მცირე ხნით მაინც მოინახულონ ე.წ. გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილი საფლავები და ეკლესია-მონასტრები. 9 წელია საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს უსაფრთხოების ზომების გარანტიით, წელიწადში ერთხელ თხოვს დევნილებს მისცეს სალოცავებისა და საფლავებისკენ გადაადგილების უფლება, თუმცა საოკუპაციო ძალები ყოველ ჯერზე უარს ამბობენ უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის საბაბით. ამ საკითხს ქართული მხარე მუდმივად აყენებს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე და ჟენევის დისკუსიების დროს. „სამწუხაროა, რომ ამაზე არ არის პოზიტიური უკუგება და პასუხი, რადგან ეს მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხია. ამდენი წლის განმავლობაში დადებითი პასუხი არ გვქონია იმაზე, რომ ხალხმა საფლავები პრობლემების გარეშე მოინახულოს“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული დიდი და პატარა ლიახვის და ფრონეს ხეობების სოფლები პრაქტიკულად განადგურებულია. ამ სოფლებიდან დევნილებმა არ იციან, რა მდგომარეობაშია მათი ოჯახის წევრების და ნათესავების საფლავებიც.