6 მაღაროელი დაიღუპა და 3 დაშავდა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში. წინასწარი, ოფიციალური ინფორმაციით, 5 აპრილს, გამთენიისას მომხდარი ტრაგედიის მიზეზი ე.წ. სამთო დარტყმაა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი დაშავებული მეშახტე ტყიბულიდან გადაიყვანეს ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მესამე, შედარებით მსუბუქად დაშავებული მაღაროელი მკურნალობას ტყიბულის საავადმყოფოში განაგრძობს. ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, მინდელის შახტის დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. სამთო დარტყმა, ანუ გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება. ადგილზე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯგუფები. ტყიბულში გაემგზავრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.