სოხუმში თბილისის ახალი ინიციატივა შეაფასეს მსოფლიო თანამეგობრობაზე გათვლილ სიცრუედ

დაურ კოვე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს მისი „ანგარებიანი პოლიტიკური ამბიციებისთვიის მაამებლური სიცრუე.“ კოვეს კომენტარი, რომელიც სააგენტო „აფსნიპირეს“-მა გაავრცელა, მოჰყვა საქართველოს მთავრობის მიერ 4 აპრილს გამოთქმულ ახალ სამშვიდობო ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.“ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველომ ამოწურა აფხაზეთზე ზეწოლის ყველა რესურსი და კიდევ ერთხელ გადაწყვიტა მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენოს აფხაზეთის მიმართ „რაღაც გულითადობის მსგავსი“ და ამ ინიციატვით შენიღბოს რეალური ზრახვები. დაურ კოვეს განცხადებითვე, აფხაზეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა და უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და სრულფასოვანი სახელმწიფოთაშორისი დიალოგი. 4 აპრილს, საქართველის მთავრობამ წარმოადგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა, რომლის ერთ-ერთი მიზანია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოებას და გამარტივებას, ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალ ვაჭრობაზე წვდომის გამარტივებას.