დიდი ბრიტანეთის პოლიციამ გამოაქვეყნა სკრიპალის მოწამვლის გამოძიების ზოგიერთი, ახალი დეტალი

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერებასთან რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას პირველი კონტაქტის ადგილია ქალაქ სოლსბერიში მათი სახლის შესასვლელი კარი. სკოტლენდ იარდის განცხადებით, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ქიმიური ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სწორედ სახლის კარზე იყო. პოლიციის ინფორმაციით, მომწამლავი ნივთიერების კვალი აღმოჩენილია სოლსბერის სხვადასხვა ადგილზეც, თუმცა, გაცილებით მცირე რაოდენობით, ვიდრე სკრიპალის სახლში. სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეს მეოთხე კვირაა იძიებს დიდი ბრიტანეთის პოლიციის კონტრტერორისტული სამსახურის 250-მდე თანამშრომელი. რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მარტის დასაწყისში მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. 4 მარტს, სერგეი და იულია სკრიპალები უგონოდ აღმოაჩინეს ქალაქ სოლსბერიში და მას შემდეგ ადგილობრივ კლინიკაში იმყოფებიან. ბრიტანელი ექსპერტების ინფორმაციით, მოწამვლის მიზნით გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნივთიერება „ნოვიჩოკი.“ სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში დიდი ბრიტანეთის მთავრობა ადანაშაულებს რუსეთს, რომელიც თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს.