ბრიუსელში იწყება ევროკავშირის საბჭოს ორდღიანი სხდომა გაერთიანების წევრი სახელმწიფოების ლიდერების მონაწილეობით. სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ტერეზა მეი ისაუბრებს "სკრიპალის საქმეზე" და ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს დაგმონ რუსეთი, რომელიც ლონდონის შეფასებით, პასუხისმგებელია სამხედრო დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულიას მოწამვლაზე. „რუსეთმა თავი წარმოაჩინა სტრატეგიულ მტრად და არა სტრატეგიულ პარტნიორად“ - განუცხადა „როიტერს“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირისგან არ მოითხოვს რუსეთისთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას. რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მარტის დასაწყისში მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. ბრიტანელი ექსპერტების დასკვნით, გამოყენებული იყო რუსული წარმოების ნივთიერება „ნოვიჩოკი.“ სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და ლონდონიდან გააძევა 23 რუსი დიპლომატი. ანალოგიურ ზომას მიმართა რუსეთმა, რომელიც უარყოფს სკრიპალის მოწამვლასთან კავშირს.