პარლამენტი განიხილავს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიისა“ და ოკუპაციის შესახებ რეზოლუციის პროექტს

„ჩამოთვალეთ რამდენიმე ადამიანი, თუ ვინ შევა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში და ვის მოეთხოვება პასუხი ჩადენილ დანაშაულზე? ამ შეკითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა. მან ასევე მოითხოვა პასუხი, დარჩება თუ ჩანაწერი „ტატუნაშვილის რეზოლუციაში“ იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე იურიდიული ძალის მქონე ძალის არგამოყენების ვალდებულება.

არჩილ თალაკვაძემ სამადაშვილს უპასუხა, რომ „ოთხოზორია ტატუნაშვილის“ სიაში შევა ყველა ის ადამიანია, ვინც „ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა დარღვევაში იქნებიან ბრალდებული და მსჯავრდებულები“. თალაკვაძის განცხადებით, რეზოლუციით, სიის ფორმირება ევალება აღმასრულებელ ხელისუფლებას. არსებობს კონკრეტული ვადა, თუ როდის უნდა მოამზადოს მან ეს სია და როდის უნდა იმსჯელოს ამაზე პარლამენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ საკითხი რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ რეზოლუციაში შესულია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რეზოლუციაში მოხდა ხაზგასმა პრინციპულ დამოკიდებულებაზე ოკუპაციის მიმართ; დეოკუპაციის კონკრეტულ პირობებზე; ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების დაშვებაზე; უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნაზე“.

21 მარტს პარლამენტი განიხილავს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საკითხს შეეხება.