ბრიტანეთის პოლიციამ დაიწყო გამოძიება რუსი ბიზნესმენის, წარსულში ბორის ბერეზოვსკისთან დაახლოებული ნიკოლაი გლუშკოვის განზრახ მკვლელობის მუხლით. თავად ბერეზოვსკი - გავლენიანი რუსი ოლიგარქი, რომელიც კრემლის ოპონენტი გახდა - ბრიტანეთში 2013 წელს გარდაიცვალა. ხოლო 68 წლის გლუშკოვი შინ, ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს რამდენიმე დღის წინ, 12 მარტს. მანამდე ერთი კვირით ადრე სამხრეთ ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით იქნენ მოწამლული ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია. ცნობების თანახმად, გლუშკოვს კისრის არეში მოჭერის კვალი აღენიშნება. პოლიციის 16 მარტის განცხადებით, ამ ეტაპზე არაფერი მიუთითებს რაიმე სახის კავშირზე სოლსბერიში მკვლელობის მცდელობასთან, ან გლუშკოვის მოწამვლაზე.