უკრაინის პროკურატურამ შეაჩერა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოება

მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ შეაჩერა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება. პროკურატურის პრესმდივნის ანდრეი ლისენკოს ინფორმაციით, 6 მარტს, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ნიდერლანდებს მიმართა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების თხოვნით, რათა მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით შესრულდეს პროცესუალური და საგამოძიებო მოქმედებები. ლისენკოს განცხადებით, სისხლის სამართლებრივი წარმოება შეჩერებულია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიღებამდე. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანიას, NEWSONE-ს განუცხადა, რომ პროკურატურამ გამოძიების შეჩერება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დადასტურდა, რომ ბიზნესმენ კურჩენკოსთან არანაირი საუბარი არ ჰქონია და ჩანაწერი დამონტაჟებული იყო. სააკაშვილის თქმით, ის გამოძიების განახლებას და უკრაინაში დაბრუნებას მოითხოვს. 2017 წლის დეკემბერში, უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ მაშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ კიევში ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს აფინანსებდა რუსეთში გაქცეული ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ჯგუფი და ამ აქციების მიზანი იყო უკრაინაში ხელისუფლების მიტაცება და პრორუსული ძალების რევანში. ეს ბრალდება მიხეილ სააკაშვილმა თავიდანვე უარყო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.