"ევროპული საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისკენ

დავით ბაქრაძე

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს წარუდგინა ინიციატივა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნის შესახებ. თბილისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ საფუძველზე სანქციები უნდა შეეხოს იმ პირებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეთა გატაცებასა და მკვლელობაში. დავით ბაქრაძის თქმით, „არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტმა გამოაჩინა რამდენად დაუცველნი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მიმდებარე რაიონებში ცხოვრობენ და რადენად დაუსჯელად გრძნობენ თავს სეპარატისტული ხელისუფლებები და მათი მმართველები რუსეთიდან.“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიმართავს სპეციფიკურ ზომებს, შეუძლებელი იქნება მოქალაქეთა სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა. “ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით, გაკეთდეს სპეციალური სანქციების სია, რომელსაც ჩვენ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ვუწოდებთ და მიღებული იქნეს სპეციალური ზომები იმისთვის, რომ სეპარატისტული ხელისუფლების თუ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების თითოეულმა წარმომადგენელმა, რომელიც მოახდეს საქართველოს მოქალაქეების მკვლელობას ან წამებას, ფიზიკურ შეურაცხყოფას ან სხვაგვარ დასჯას, იცოდეს, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები და ეს შეეხებათ ყველგან, სადაც ფეხს გადგამენ საოკუპაციო რეჟიმის გარეთ” - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მან მაგალითად მოიყვანა „მაგნიტსკის სია,“ რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს აშშ-სა და ევროპაში. დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობასთან შედგება საქმიანი და კონსტრუქციული კონსულტაციები, რადგან ეს არ არის პარტიული თემა. ინიციატივის ავტორის, სერგი კაპანაძის განმარტებით, ეჭვმიტანილთა სამართლებრივი დევნის გარდა, უნდა დაყადაღდეს მათი ქონება და ეს პირები საქართველოს პარტნიორებმა უნდა შეიყვანონ „შავ სიაში,“ რომელიც გავრცელდება ქონების ტრანზაქციაზე და ვიზების მიღებაზე. „გარდა ამისა, საქართველოში არსებობს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სახელმწიფო მომსახურების შეთავაზებას და გარკვეულ შეღავათებს და ეს პროგრამები ამ პირებზე არ უნდა გავრცელდეს“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.