არასამთავრობოები ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ განაცხადის შეტანას მოითხოვენ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან მოითხოვენ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი განაცხადის შეტანას:

„მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი საჩივარი წარადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“.

ხელმომწერი ორგანიზაციები ხელისუფლებას ახსენებენ ბოლო წლებში საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გახმაურებულ ფაქტებს, მათ შორის - გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და იმას, რომ დანაშაულების ჩადენისთვის არავინ დასჯილა. განცხადების ავტორები ხელისუფლებას შეახსენებენ ახალგორის მკვიდრ თამარ მეარაყიშვილის ამბავს, რომელსაც 2017 წლის აგვისტოდან არ ეძლევა ახალგორის დატოვების უფლებას არ აძლევს საოკუპაციო რეჟიმი და მის წინააღმდეგ საქმე აღძრა, რისი მიზეზიც მის მიერ გამოქვეყნებული სტატიები და სამოქალაქო აქტივიზმია.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცნობიერებენ, რომ „საქართველოს ხელისუფლებას, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის არ არსებობის გამო ან არ შეუძლია სრულყოფილად ჩაატაროს გამოძიება ან/და არ გააჩნია მათ შორის, გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ეფექტური მექანიზმი“ და ხაზს უსვამენ, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ტერიტორიაზე“.

ყოველივეს გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები თვლიან, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები უნდა გამოიყენოს და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას „გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმი - სახელმწიფოთშორისი საჩივარი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებზე. ასევე, საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში მიმართოს ევროპულ სასამართლოს და კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს, რათა მიმდინარე წლის 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის, ასევე თამარ მეარაყიშვილის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მათ დაუყოვნებლივ მიეცეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა“.

განცხადებას ხელს აწერენ: კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ადამიანის უფლებათა ცენტრი, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).