ერგნეთში დაიწყო ქართული მხარის შეხვედრა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან

კახაბერ ქემოკლიძე

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების რიგგარეშე შეხვედრა. მის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ტექნიკური შეხვედრა უსაფრთხოების სამსახურის პრინციპული მოთხოვნით დაინიშნა და მას რამდენიმე ამოცანა აქვს. „მთავარია, მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში. მეორე - ოკუპირებულ ახალგორში მყოფ ადამიანებს უნდა მიეცეს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა და მესამე - უნდა მოხდეს საქმის ძალიან სიღრმისეული, გამჭვირვალე გამოძიება“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელმა, ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილმა“ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. ამ ვერსიის არ სჯერა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, რომელიც სრულფასოვან ექსპერტიზას მოითხოვს. რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან 24 თებერვალს გაათავისუფლა, თუმცა, არ მისცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლება.