"ევროპული საქართველო" მოითხოვს შეიქმნას "ოთხოზორიას სია"

სერგი კაპანაძე

„ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს მიმართა ინიციატივით, შეიქმნას ე.წ. ოთხოზორიას სია. „გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა არჩილ ტატუნაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრი, რომელიც იბრძოდა ოკუპანტის წინააღმდეგ 2008 წელს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო სასტიკი მკვლელობა, შინაარსით მსგავსი იმ მკვლელობისა, რომელიც განხორციელდა გიგა ოთხოზორიას შემთხვევაში“ - განაცხადა 23 თებერვალს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, საჭიროა ხელისუფლების მხრიდან უმკაცრესი რეაგირება და ამ მიზნით, „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტს ერთ-ერთ ფორმად შესთავაზა შეიქმნას „ოთხოზორიას სია“ და მასში შეიყვანონ დანაშაულის ჩამდენი პირები და ისინი, ვინც მსგავს დანაშაულს ფარავენ. „ამოცანა უნდა იყოს ორი. ერთი, ის რომ პარტნიორებმა ამ ადამიანებზე გაავრცელონ სანქციები და მეორე, ამ ადამიანებმა არ ისარგებლონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის განკუთვნილი სამედიცინო და სხვა შეღავათებით“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 2016 წლის მაისში, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია. მის მკვლელობაში ბრალდებულ აფხაზ მესაზღვრეს, რაშიდ კანჯი-ოღლის ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს შეფარდებული 14 წლით პატიმრობა. კანჯი-ოღლი ინტერპოლით იძებნება.