რუსეთმა უარყო გაეროს უშიშროების საბჭოში ინიცირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სირიაში 30 დღიანი ზავის გამოცხადებას. შვედეთის და ყატარის მიერ ინიცირებულ პროექტს არარეალისტური უწოდა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ. მისი განცხადებით, დასავლეთის სახელმწიფოები და მედიასაშუალებები დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებენ და მალავენ იმ ფაქტს, რომ აღმოსავლეთ ღუტაში მოქმედებს ტერორისტულ ორგანიზაციასთან, „ალ-ყაიდასთან“ კავშირის მქონე ათასობით შეიარაღებული პირი. აღმოსავლეთ ღუტას, რომელიც რუსეთის შუამავლობით ასტანაში, 2017 წელს მიღწეული შეთანხმებით დეესკალაციის ზონადაა გამოცხადებული, პრეზიდენტ ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული მეამბოხეები აკონტროლებენ. სირიის ოპოზიციის და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმაციით, სამთავრობო ძალების მიერ აღმოსავლეთ ღუტის ინტენსიური დამომბვის შედეგად დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. სხვადასხვა მონაცემით, დაღუპულია 400-მდე ადამიანი, მათ შორის ათობით ბავშვი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნოიერტმა სისხლისღვრის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს, როგორც ასადის რეჟიმის მხარდამჭერს. ნოიერტის შეფასებით, სირიაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს რუსეთის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების კრახს და იმას, რომ მხოლოდ ფარსია აღმოსავლეთ ღუტის დეესკალაციის ზონად გამოცხადება.