საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება თბილისში გამართავს აქციას ლოზუნგით: "მუშა, რომელიც ჯერ არ მომკვდარა, მე ვარ!" მსვლელობა 17 საათზე დაიწყება „ვარდების მოედნიდან“ საქართველოს პარლამენტის შენობისკენ. პროფკავშირების ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და საწარმოებში დასაქმებულები. დემონსტრანტები პარლამენტისა და მთავრობისგან მოითხოვენ ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნას და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაწესებას. პროფკავშირების მონაცემებით, 2006 წლის შემდეგ, როცა საქართველიში შრომის ინსპექცია გაუქმდა, საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 488 და დაშავდა 800-ზე მეტი ადამიანი. 22 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ.“ ის ვრცელდება „მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე და არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უფლება-მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.“ კანონპროექტის თანახმად, „შრომის უსაფრთხოება გულისხმობს სამუშაოს ნეგატიური ასპექტებისგან დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ პირთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების დაცვის სისტემას, რომელიც ქმნის პირობებს ჯანსაღი და უსაფრთხო საქმიანობისათვის და მოიცავს სამართლებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, სანიტარულ-ჰიგიენურ, სამკურნალო-პროფილაქტიკურ და სხვა ღონისძიებებს.“ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მოიცავს „სამუშაო ადგილზე მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღების შესახებ“ ევროსაბჭოს მიერ 1989 წელს მიღებული დირექტივის ზოგიერთ მოთხოვნასაც, რომლის ქართულ კანონმდებლობაში გადატანის ვადად განსაზღვრულია 2019 წელი. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, კანონპროექტის ზოგიერთი დებულება ბუნდოვანია და ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებას.