საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს მაუწყებლობის კანონში შეტანილ ცვლილებებზე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ გადაწყვიტა დაძლიოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვეტო მაუწყებლობის კანონში შეტანილ ცვლილებებზე. 19 თებერვალს, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში, უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს „სიღრმისეული მსჯელობის“ საფუძველზე. „თავისუფალ კენჭისყრაზე ეს საკითხი არ დადგება, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობის ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს ვეტოს დაძლევას. გამონაკლისი იქნება რამდენიმე დეპუტატი და ესენი არიან ის დეპუტატები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში, თავისი არგუმენტებით გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ. მათ შეეძლებათ საკუთარი პოზიციის თავისუფლად გამოხატვა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი განმარტებით, შესყიდვების საკითხზე, რომელსაც ვეტო აქვს დადებული, ჯერ უმრავლესობის შიგნით, ხოლო შემდეგ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შესყიდვების პროცედურა უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება ვეტოდადებულ მეორე საკითხს - რეკლამას, კობახიძის თქმით, ცვლილების შედეგად საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი გაიზრდება მილიონიდან ორ მილიონამდე, რაც მთლიანი ბაზრის 2%-მდეა და მედიაბაზარზე რაიმე რყევას და არსებით ცვლილებებს არ გამოიწვევს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მედიაპლურალიზმი დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია და არ დაუშვებს მისთვის ზიანის მიყენებას. მაუწყებლობის კანონის შეცვლას ეწინააღმდეგება მედიასაშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი. მათი შეფასებით, ისედაც მწირი სარეკლამო ბაზრის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად იმოქმედებს კერძო ტელეკომპანიების სარეკლამო შემოსავლებზე და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობაზე.