დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონგრესს პირველად მიმართა პრეზიდენტის ტრადიციული სიტყვით, „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ.“ საათნახევრიანი გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მოუწოდა, გაერთიანდნენ ერთ გუნდად და ერთ ოჯახად და ერთად იმუშაონ უსაფრთხო, ძლიერი და ამაყი ამერიკისთვის. „მიუხედავად შარშან განცდილი ტრაგედიების, სტიქიური უბედურებებიდან დაწყებული მასობრივი მკვლელობებით დამთავრებული, მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არ არსებობს ამერიკელებზე უფრო უშიშარი, ინიციატივიანი და მტკიცე ხალხი და ჩვენ ერთად ვაგრძელებთ უსაფრთხო, ძლიერი და ამაყი ამერიკის მშენებლობას“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისივე თქმით, წინა ადმინისტრაციების უუნარობამ ადეკვატურად გაეკონტროლებინათ ქვეყნის საზღვრები, გამოიწვია დამნაშავეთა დაჯგუფებების და უკანონო მიგრანტების მომრავლება და უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობა. იმიგრაციის შესახებ პრეზიდენტის განცხადებებს კონგრესის დარბაზში მოჰყვა დემოკრატი კანონმდებლების უკმაყოფილო შეძახილები. ეკონომიკაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა წარმატებად დაასახელა საგადასახადო კოდექსის რეფორმა და კონგრესს სთხოვა, მხარი დაუჭიროს ინფრასტრუქტურული ობიექტების მოდერნიზებისთვის 1,5 ტრილიონი დოლარის გამოყოფას. საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სეკვესტრი არ უნდა შეეხოს თავდაცვის ბიუჯეტს. ტრამპმა დაადასტურა, რომ არ დაიხურება კუბაზე მდებარე გუანტანამოს საპატიმრო. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებითვე, ჩრდილოეთ კორეის მიმართ აქცენტი კეთდება მაქსიმალურ ზეწოლაზე. დონალდ ტრამპმა მოკლედ ისაუბრა რუსეთსა და ჩინეთზე, რომლებსაც აშშ-ის მეტოქეები უწოდა და განაცხადა, რომ მათი ქმედებები გამოწვევაა ამერიკული ინტერესების, ეკონომიკისა და ფასეულობებისთვის.