თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროს სადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულია 14 ადამიანი. კალაძემ, რომელმაც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მოინახულა 4 პაციენტი, ჟურნალისტებს აცნობა, რომ დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს დაფარავენ თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო. „მინდა მალე ჯანმრთელობა ვუსურვო თითოეულ მათგანს. გადავრჩით, რომ მსხვერპლი არ არის“ - განაცხადა კახა კალაძემ. ინგოროყვას კლინიკის ექიმმა, კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მათთან მყოფი 4 პაციენტიდან ორს ტვინის შერყევა აქვს, ორს კი ქვედა კიდურების მოტეხილობის გამო ოპერაციას გაუკეთებენ. ექიმის ინფორმაციით პაციენტების ასაკი 25-დან 46 წლამდეა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები თბილისის ოთხ სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს.