ერგნეთში მსჯელობენ საოკუპაციო ხაზთან ბოლო ხანს მომხდარ ინციდენტებზე

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. ერგნეთი, 2018 წლის 24 იანვარი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომელზეც მხარეები განიხილავენ გასული ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ინციდენტებს. შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 8 მოქალაქე დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით და ამ დროისთვის ყველა მათგანი გათავისუფლებულია. ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე კვლავ გააპროტესტებს საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების და ღობეების მონტაჟს. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მოითხოვენ მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადაადგილებას ტყის მასივებში, სადაც შეშას აგროვებენ.