თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ზომა, გირაო პატიმრობით შეუცვალა ღამის კლუბ „ბასიანში“ სამი პირის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს. სამართალდამცავებმა ქვლივიძე 13 იანვარს დააკავეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ბრალდებებით. გამოძიების ინფორმაციით, ქვლივიძემ, რომელიც აგრესიული ქცევის გამო კლუბში არ შეუშვეს, ცივი იარაღით დაჭრა დაცვის ორი თანამშრომელი და შემთხვევის ადგილას მისული პოლიციელი. 15 იანვარს, პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ბრალდებულისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. თუმცა, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ქვლივიძეს შეუფარდა 30 ათასი ლარის გირაო. ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. უკმაყოფილება გამოთქვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. პროკურატურამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 17 იანვარს გამართულ სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ არსებობს ქვლივიძის მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულების განადგურების საშიშროება. დაცვის მხარემ ეს არგუმენტი არ გაიზიარა და განაცხადა, რომ ბრალდებული სასამართლოსთან თანამშრომლობს და არ არსებობს ახალი გარემოება, რომლის გამოც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს. ადვოკატ ზაზა მესხის მტკიცებით, თამაზ ქვლივიძე თავს იცავდა ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისგან. საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ სპარტაკ პავლიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ მაღალი თანამდებობის პირები სასამართლოზე, კლუბ „ბასიანის“ მფლობელები კი საზოგადოებაზე ზეწოლაში დაადანაშაულა.