NDI-მ წარმოადგინა საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუმა(NDI) გამოაქვეყნა მისი დაკვეთით, 2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. შეკითხვას, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, 26 %-მა უპასუხა, რომ სწორი მიმართულებით, 32%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება და 39% ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორის, 54%-მა დაასახელა სამუშაო ადგილები, 35%-მა ინფლაცია, 30%-მა სიღარიბე, 25%-მა პენსია და 23-23%-მა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და ტერიტორიული მთლიანობა. გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და მიუღებელია 21%-სთვის. რესპონდენტების 29% ემხრობა ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას და 60% ევროკავშირის წევრობას. რესპონდენტების 64% მხარს უჭერს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ნატოს წევრი, 26%-სთვის კი ეს მიზანი მიუღებელია. შეკითხვას, თქვენი აზრით, რომელი ქვეყანაა უფრო ძლიერი სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთი თუ აშშ, 41%-მა უპასუხა, რომ რუსეთი და 36%-მა აშშ. NDI-ს დაკვეთით, გამოკითხვა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა. წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2298 რესპონდენტი.