უსაფრთხოების მაღალჩინოსნები შეხვდნენ პანკისის ხეობის უხუცესებს

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო, ხეობის უხუცესების ინფორმირება 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. „ჩვენ მივაწოდეთ სწორი ინფორმაცია 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რადგან არსებობს ბევრი ვერსია და საჭირო იყო სწორი ინფორმაციის მიწოდება, რომ არ მოხდეს არასწორი ინფორმაციების გამო დაპირისპირება", - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის ოფისშიც გაიმართა აღნიშნული შეხვედრა. 26 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით 4 პირი დააკავა. ხოლო მე-5 ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.