რუსეთის მიერ დაფინანსებულ ტელეარხს, Russia Today-ს ჩამოერთვა აშშ-ის კონგრესის აკრედიტაცია. გადაწყვეტილება მიიღო კონგრესის „რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტების გალერეის“ მმართველმა კომიტეტმა. Russia Today-ს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მას აკრედიტაცია შეუწყდა „უცხოეთის აგენტად“ დარეგისტრირების გამო. 13 ნოემბერს, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიტანა კომპანია T&R Productions, რომელიც Russia Today-ს ამერიკაში ემსახურება. „რადიოსა და ტელევიზიის ჟურნალისტების გალერეის“ მმართველი კომიტეტის წევრია კონგრესში აკრედიტებული, 5 ყველაზე ავტორიტეტიანი ჟურნალისტი. კომიტეტის გადაწყვეტილებებს ემორჩილება ყველა რეპორტიორი, რომელიც კონგრესში მუშაობს. კომიტეტმა Russia Today-სთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის გადაწყვეტილება აცნობა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს და სენატის საპროცედურო კომიტეტს. აშშ-ში Russia Today-ს „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებას რუსეთმა უპასუხა ახალი კანონით, რომლის საფუძველზეც იუსტიციის სამინისტროს შეუძლია „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადოს უცხოური მედიასაშუალებები. ამ კანონის საფუძველზე, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას წერილობით უკვე აცნობა, რომ მისი საქმიანობა შესაძლოა, შეიზღუდოს.